Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა
18 სექტემბერი 2020

11 სექტემბერი - 15 სექტემბერი, ხულო - ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში,  16 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელისთვის, ხუთ დღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. ინფო-ტური მიზნად ისახავდა  ხულოს მუნიციპალიტეტის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას და ტურიზმის სფეროში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ტურის ფარგლებში, ასევე, ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების მიმწოდებლებსაც მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი პროდუქცია და დაემყარებინათ კავშირი სხვადასხვა სეგმენტში ჩართულ ტურისტულ ოპერატორებთან.

საინფორმაციო ტურის პირველ დღეს, ENPARD ხულოს პროექტის გუნდი  შეხვდა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს და მათ პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. ტურის მონაწილეები გაეცნენ განრიგს და დაგეგმილ აქტივობებს. მონაწილეებს გადაეცათ   პროექტის ფარგლებში შემუშავებული ხულოს ტურისტული ბუკლეტები, სადაც მოცემულია ინფორმაცია ხულოში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების და სერვისების შესახებ.

საინფორმაციო ტურის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მოინახულეს ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ღორჯომისა და დიდაჭარის მეჩეთები, კურორტი ბეშუმი, გოდერძის ალპური ბაღი, მწვანე ტბა და გაისეირნეს თაგოსთან დამაკავშირებელი საბაგიროთი. ადგილზე, ადგილობრივი გიდები მასპინძლობნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ ტურის მონაწილეებს ტურისტული ობიექტების შესახებ. საინფორმაციო ტურში, ასევე ჩართული იყვენენ ადგილობრივი განთავსების ობიექტების მეპატრონეები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, რომლებსაც საშუალება მიეცათ საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები გაეცნოთ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის. ინფო-ტურის განმავლობაში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ აჭარისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები.

ინფო-ტურის ბოლო დღეს, 15 სექტემბერს, მონაწილეებმა მოიარეს ხულოს ცენტრში არსებული და მშენებარე სასტუმროები, გაესაუბრნენ მათ მეპატრონეებს და ასევე გაეცნენ ადგილობრივ ატრაქციებს. შემდგომი კომუნიკაციის მიზნით, ინფო-ტურის მონაწილეებს მიეწოდათ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო სასტუმროებისა და სხვა სერვისების მიმწოდებელი კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია, თანდართული მოკლე აღწერილობით.

ENPARD ხულო პროექტის ფარგლებში შექმნილი, ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ტურიზმის განვითარება სოფლად წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას. შესაბამისად, ადგილობრივი ტურისტული სერვისების მომწოდებლების მხარდაჭერა საინფორმაციო ტურებითა და მსგავსი ღონისძიებებით, ხელს უწყობს რეგიონის ტურისტულად გააქტიურებას, ზრდის ტურიზმის სექტორით დაინტერესებას და ტურისტული კომპანიების ინფორმირებულობას მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.