Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
15 ივლისი 2019

2019 წლის 1-ელ ივლისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), დასრულდა სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი.

მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გამოცხადდა 2019 წლის 1-ელ ივნისს და მოიცავდა ხულოს ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ისეთი პროექტების იდეების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად.

1 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში და ENPARD ხულო პროექტის ოფისში. სულ კონსულტაცია გაეწია 150-ზე მეტ პოტენციურ აპლიკანტს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 280 პროექტის იდეა, რომელთაგან ტექნიკური შეფასება გაიარა 214-მა. აღნიშნული პროექტების იდეები შეფასდება ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტო კომიტეტის მიერ.

საგრანტო კომიტეტი შედგება ხულოს LAG-ის 20 წევრისაგან, მათგან 15 ძირითადი წევრია, ხოლო 5 რეზერვი. კომიტეტის წევრები დაამტკიცა ხულოს LAG-ის გამგეობამ, 2019 წლის 25 ივნისის კრებაზე.

საგრანტო კომიტეტი პროექტების იდეებს შეაფასებს 2019 წლის ივლისის ბოლომდე და გამოავლენს პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. გამოვლენილი პროექტების ავტორები მოწვეული იქნებიან მეორე საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე, სრული პროექტების კონკურსზე.

სრული პროექტების განაცხადის შედგენაზე ტრენინგები ჩატარდება აგვისტოს თვეში, ENPARD ხულო პროექტის ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 551 135525 ან/და მოგვწეროთ giorgi.abuladze@caritas.cz

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსებულია ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებ-გვერდზე: www.khulolag.ge

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.