

2017 წლის 13-20 სექტემბერს, აჭარის ა/რ-ის ხულოს მუნიციპალიტეტის ვაშლოვანის, დიდაჭარისა და ღორჯომის თემის 100-მდე წარმომადგენელთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
შეხვედრების მიზანი იყო ევროპული LEADER მიდგომის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიწოდება, რაც შემდგომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნის საფუძველი იქნება. ტრენინგები ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, მონაწილეებმა ყველა კითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალები, ახალგაზრდული ჯგუფები და ადგილობრივი ფერმერები.
შეხვედრებს ფასილიტაცია გაუწიეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელის (HMRR) წარმომადგენლებმა.
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD- ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge