ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული სერვისების ოპერატორებს გასტრო ტურიზმის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2020 წლის 13 ნოემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედი 15-მდე ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს ჩაუტარდათ გასვლითი საინფორმაციო ტრენინგი თემაზე: გასტრო ტურიზმი. ტრენინგის მიზანი იყო მაღალმთიან აჭარაში გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობების მიმოხილვა და ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციების შექმნა.

ტრენინგის გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში, „შატო ივერი“-ის მარანში. ტრენინგს უძღვებოდნენ გასტრონომიის ექსპერტი, ბესიკ შავიშვილი და შეფ მზარეულები, გიორგი სეთური და როინ ფაღავა. დღის პირველი ნაწილი დაეთმო თეორიულ კურსს თემაზე ,,სერვისი და საერთაშორისო სტანდარტები გასტრონომიაში“, ხოლო დღის მეორე ნახევარში, შეფ-მზარეულებმა, ადგილობრივი და ნაციონალური კერძების მოდიფიკაციის პრაქტიკული მაგალითები აჩვენეს.

აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, თუმცა, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა, ხარისხიანი ტურისტული სერვისების ნაკლებობის გამო, სრულად ვერ სარგებლობს ტურიზმისგან მიღებული სიკეთეებით. შესაბამისად, სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, გასტრო ტურიზმის განვითარება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასოფლო დასახლებებში ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. რაც, თავის მხრივ, უზრუნველყობს ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

პარტნიორები