Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ
07 მაისი 2018

2018 წლის 7-15 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერით და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელის (HMRR) ორგანიზებით ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ. ერთი კვირის განავლობაში დელეგაციამ გამართა შეხვედრები ლიკასა და დალმაციის რეგიონში არსებულ LAG-ების წარმომადგენლებთან და ადგილზე მოინახულა განხორციელებული პროექტები.

ვიზიტის მიზანი იყო სოფლის განვითარების ევროპული მოდელის - LEADER მიდგომის გამოცდილების გაზიარება, ხორვატული LAG-ების მუშაობის პრინციპების გაცნობა და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

ხულოს LAG-ის წევრებმა თავდაპირველად მოინახულეს ზაგრების აგროპროდუქტების (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი) ტრადიციული ბაზარი, რომელსაც ამარაგებს დედაქალაქის ახლომდებარე სოფლები. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ ლიკას LAG-ს შეხვედროდნენ და გაცნობოდნენ მათ განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ძირითად მოხალისეობრივ საფუძვლებს ეყრდნობა. პროგრამის ფარგლებში შედგა ვიზიტი რამდენიმე წარმატებულ ფერმერულ მეურნეობაშიც, კერძოდ ტრადიციული ხორვატული ძროხის ჯიში „ბუშას“ ფერმაში, 15 დასახელების მწარმოებელ არაყის ქარხანასა და რძის ფერმაში. ლიკას რეგიონში ვიზიტისას ხულოს LAG-ის წევრები ასევე ეწვივნენ ველებითის ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და ხშირად მასპინძლობს სასწავლო ტურებს. LAG-ის წევრები ასევე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს მდინარის ადგილობრივი ავთენტური თევზისა და კიბორჩხალას სახეობებით შევსება/აღდგენაზე.

დალმაციის რეგიონში ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ აქ ადგილობრივი მთავრობა აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ პროექტებში, ისინი ადგილობრივი ასოციაციებსა და LAG-თან მჭირდო თანამშრომლობით ახორციელებენ უამრავ პროექტს. ხულოს LAG-ის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. LAG-ის წევრები შეხვდნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტთან ახალგაზრდული, კულტურულ მემკვიდრეობისა და მოხალისეობრივ პროექტების განხორციელებისას.

დალმაციაში, LAG- ის წევრებმა მოინახულეს ბუნებრივი პარკი, რომელიც მოიცავს ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ტბას. წევრები შეხვდნენ ტბის ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა LAG ლაურასთან ერთად განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.  

„ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ნამდვილად დავრწმუნდით იმაში, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს  LEADER მიდგომა სოფლის განვითარების პროცესში. საინტერესო იყო LAG „more 249”-სთან შეხვედრა, რომელიც უკვე საერთაშორისო დონის პროექტებს ახორციელებს ახალგაზრდული მიმართულებით,“ აღნიშნა ხულოს LAG-ის თავმჯდომარე, როდამ შავაძემ.

სასწავლო ვიზიტი ხორვატიაში განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.